Wednesday, November 20, 2013

ისტორია


წინანდლის ისტორიის შესახებ არსებული მრავალრიცხოვანი საარქივო, ოჯახებში გაბნეული თუ სხვა სახის საცნობარო დოკუმენტები, ძირითადად ალექსანდრე ჭავჭავაძის მიღვაწეობისა და მის შედგომ პერიოდს განეკუთნება, მაგრამ, სამწუხაროდ, მეტად მწირი მონაცემები გაგვჩნია სოფლის ადრეული პერიოდის ისტორიაზე. ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით, თუნდაც იმ ძირძველი მრავალსაუკუნოვანი  ცხოვრებისა და მოღვაწეეობის შესახებ, რომლებიც უხსოვარი დროიდან ქმნიდნენ სოფლის ცხოვრებას, მაგრამ დროის ქარტეხილებმა მათი ნაკვალევი უმოწყალოდ წაშალა.
    მიუხედავად ბნელით დაფარული წარსულისა, სოფლის ტერიტორიაზე  შემორჩენილი ისტორიული ძეგლების, ტოპრიზმებისა თუ გადმოცემების წყალობით,  შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა ვიქონიოთ ჩვენი წინაპრების  მიერ განვლილ გზაზე. არსებობს სარწმუნო და უტყუარი წყაროები, რომ სოფლისა და მისი  სავარგულების ტერიტორია უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული რამდენიმე  განცალკევებულ ადგილას და ქმნიდა ერთიან  თემს. ასეთი დასახლებების ნაშთები მოგვეპოვება  თეთრანში, სახარეში, საფარისში, ვერთუბანში, რკინიგზის სადგურის მიდამოებში, ხშირას ტერიტორიაზე. სადაც დღემდეა შემორჩენილი ქრისტიანული ეპარქიისა თუ უფრო ადრეული ხანის სალოცავებისა და საცხოვრისების ნაშთები. შემორჩენილი ძეგლებიდან ყველაზე საინტერესოა საფარისის  სამონასტრო კომპლექსი, ომელიც 1931 წელს პროფესორმა ა. წილოსანმა დეტალურად შეისწავლა, ეს ძეგლი შევიდა  აკადემიკოს ჩუბინაშვილის  მიერ გამოცემულ კატალოგში, როგორც 8-9 საუკუნეების  ხუროთმოძრვრების თვალსაჩინო ძეგლი.
     დღემდე მოღწეული ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და ყოფილი საცხოვრებლების ადგილმდებარეობადა მათი შესწავლა გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი შორეული წინაპრები სისტემატურად განიცდიდნენ მტრის შემოსევას, რომლებმაც არაერთგზის ააოხრეს მათი სადგომები. ხალხი იძულებული ხდებოდა, მთის ფერდობსა თუ ალაზნის ნაპირებზე არსებულ უდაბურ რყეებში გახიზნულიყო,ამ მოსაზრებას ერთ-ერთ უბანში არსებული დაუმთავრებელი ეკლესიის ეზოში აზელილი კირის დიდი გაქვავებული გროვაც მოწმობს. წინაპრებიდან მოღწეული გადმოცემების თანახმად, მტერი სწორედ იმ დროს შემოესია სოფელს, როდესაც ეკლესიის მშენებლპბა მიმდინარეობდა. მოსახლეობამ მთას შაფარა თავი, მამაკაცები მტერს შეებრძოლნენ, ხოლო კირი გაშრა, გაქვავდა და დღემდე ამ სახით შემორჩა.
მშვიდობიანობის დროს ხალხი კვლავ უბრუნდებოდა წინანდელ საცხოვრებელ ადგილებს და ქმნიდა სოფლის ერთიან დასახლებას და წინანდალიც ალბათ, წინანდელ ადგილზე დამკვიდრებული მოსახლეობის შერქმეული სახელი უნდა იყოს.
  სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს სხვა მოსაზრებები და ლეგენდებიც;
  აკადემიკოს აკაკი შანიძის აზრიტ, წინანდალი, შესაძლოა, ბაცბური სიტყვების სინთეზს წარმოადგენს, რადგან ამ ტერიტორიაზე უძველეს დროში უცხოვრიათ ბაცბებს, დღევანდელი თუშების წინაპრებს. არსებობს ლამაზი ლეგენდაც: ჩვენი სოფლის მებატონეს ორი ქალიშვილი ჰყოლია, რომელთაგან ერთს დალი ერქვა. მათ სანახავად მისულ სასიძოს თავისი დის წინ მდგარი ულამაზესი  დალი მოსწონებია და წამოუძახია წინა დალი გამატანეთო.

აქ მოყვანილი მოსაზრებებიდან თუ თქმულებებიდან რომელია ჭეშმარიტება, ძნელი დასადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს სოფელს, მართლაც, ულამაზესი სახელი წინანდალი ჰქვია.

0 comments:

Post a Comment